„აფხაზეთში ვერ შევძელით ქორწილი და Abkhazi Garden-ში მაინც მოვახერხეთ“ – ამაღელვებელი ისტორია კანადიდან
“აფხაზების ბაღი” არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია, რომელიც შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი თავად ნიკოლოზ აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული. ამ სილამაზის შემოქმედი ქართველი ემიგრანტი, ნიკოლოზ აფხაზია, რომელსაც 1920-იან წლებში იძულებით ემიგრაციაში წასვლა მოუწია, კანადაში გადასვლის შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად, თაობებს ულამაზესი ბაღი დაუტოვა.
ბაღთან დაკავშირებით საოცარ ისტორიას აქვეყნებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა აკობიძე, რომელსაც „ქართული კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„1922 წელი. 19 წლის ინგლისელი გოგო და 21 წლის ქართველი ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან პარიზში. გოგო შანხაიშია დაბადებული. 3 წლის ასაკში დაობლებულს, გაუმართლა და შეძლებულმა, მოგზაურობის მოყვარულმა ოჯახმა იშვილა. ბიჭი დედასთან ერთად პარიზშია გახიზნული, უსახსრო, მაგრამ – ნამდვილი პრინცი. მამამისი კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისშვილი), რომელსაც ერთ წელიწადში დახვრეტენ, თბილისში ბოლშევიკებს ებრძვის. გოგოს პეგი ჰქვია, ბიჭს ნიკოლოზი – ანუ ნიკოლას. მათ ერთმანეთი უყვარდებათ. გოგოს დედობილი მათ სიყვარულს ეწინააღმდეგება და პეგის უკან, შანხაიში აბრუნებს.
ისტორია ამბობს, რომ შეყვარებულებს არ გაუწყვეტიათ კავშირი და გამუდმებით წერდნენ წერილებს ერთმანეთს. ამასობაში გადის თითქმის 20 წელი; მეორე მსოფლიო ომი იწყება და ორივენი ტყვედ ვარდებიან: ნიკოლასი გერმანელებთან, პეგი – შანხაიში, იაპონელებთან. ტყვეობიდან დაბრუნებული ნიკოლოზი, რომელსაც დედა გარდაცვლილი ხვდება, კანადაში გადადის საცხოვრებლად.პეგიც თავისუფლდება ტყვეობიდან და ისიც, ბედისწერის კარნახით – შანხაიში ყიდის ყველაფერს და კანადაში მიემგზავრება იმ სამოგზაურო ჩეკებით, რომელიც ტყვეობაში პუდრის ქილაში ჰქონდა შენახული. ვანკუვერთან ახლოს, ვიქტორიაში 1 ჰექტარ კლდოვან მიწას ყიდულობს და საზაფხულო სახლის და ბაღის გაშენებას იწყებს.
ერთ წელიწადში ნიკოლასისგან, რომელიც არც იცის, მკვდარია თუ ცოცხალი, წერილს იღებს; პაემანი ნიუ იორკში ინიშნება. პეგი 44 წლისაა ამ დროს, ნიკოლოზ აფხაზი – 47-ის. მათ სიყვარულს უკვე ვერავინ შეუშლის ხელს: პეგის დედობილი 7 წლის წინ გარდაიცვალა. წყვილი ვიქტორიაში ბრუნდება და ქორწინდება. რა არის ეს: ბედისწერა თუ შემთხვევითობა?თუ უბრალოდ, სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება დროს და საზღვრებს?
…მერე გრძელდება ბაღის შენების 40-წლიანი ამბავი: პეგი და ნიკოლასი ერთად ქმნიან ქარიზმატულ სამყაროს, რომელშიც აერთიანებენ ნიკოლასის მოგონებებს საქართველოზე და პეგისას – შანხაიზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.მოგვიანებით წიგნიც დაიწერება მათზე, სათაურით „საოცარი ცხოვრება“ – პეგის ბიოგრაფიაა, რომელიც ნიკოლასზეა გადაჯაჭვული.40 წლის თანაცხოვრების შემდეგ ჯერ კაცი მიდის პირველი – 87 წლის ასაკში. პეგი 7 წელს კიდევ იცოცხლებს და 1994 წელს გარდაიცვლება, 92 წლის. ორივეს ფერფლი, ანდერძის თანახმად, ბაღშია გაბნეული.შვილი არ დარჩენიათ – ერთადერთი მემკვიდრე ეს ბაღია, რომელმაც მათი სიკვდილის შემდეგ რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, 2000 წელს სამშენებლო კომპანიაზე გაყიდვისგან შემომწირველებმა იხსნეს და დღეს ბუნების დამცველი კომპანიის ხელშია.
ვიზიტორთა რაოდენობით, აფხაზების ბაღი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ვიქტორიაში, განსაკუთრებით წყვილებისთვის: სიყვარულის ბაღი ყველაზე შესაფერისი ადგილია ქორწილებისთვის.ქართულ პრესაში ამ ბაღის და სიყვარულის ამბავის პირველწყარო ძირითადად მკვლევარი რუსუდან დაუშვილია, უცხოურ პრესაშიც ბევრი იწერება – განსაკუთრებით ბლოგერების მხრიდან, რომლებიც ამ ისტორიას ლამაზი დეტალებით ამდიდრებენ და ლეგენდარულს ხდიან.ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ეგზოტიკური, ჯადოსნური ბაღის სახით აგრძელებს სიცოცხლეს. ძალიან ცოტა გამიგია ასეთი ლამაზი ისტორია”
ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ნანა აკობიძეს ულამაზეს მეუღლესთან ერთად Abkhazi Garden-ში გადაღებულ საქორწინო ფოტოს უგზავნის კანადაში მცხოვრები ზურაბ სანიკიძე, „აფხაზეთში ვერ შევძელით ქორწილი და Abkhazi Garden-ში მაინც მოვახერხეთო“. სტუმრების წიგნშიც ეს ჩანაწერი გაუკეთებიათ.„აფხაზეთთან დაღუპული ნათესავები მაკავშირებს, როგორც ყველა ქართველსო“ – ამბობს ზურაბი, რომელიც სამეგრელოდაანაა წარმოშობით და მალე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს: სახლის საძირკველი უკვე ჩაყრილი აქვს მშობლიურ ნოქალაქევში.წყვილი 1999 წლიდან ცხოვრობს კანადაში, 90-იანებში დაოჯახებულებმა, ქორწილი 15 წლის შემდეგ გადაიხადეს – სამი ულამაზესი შვილის გარემოცვაში, რომელთაგან ორი უკვე სტუდენტია.
“საინტერესო კაცი აღმოჩნდა ჩვენი რესპონდენტი: ტრანსგლობალური ექპედიციის წევრია და ავტომანქანით აპირებს მოგზაურობას ორივე პოლუსზე. Emil Grímsson – მეგობარია ჩემი და მან გახადა ეს შესაძლებელიო. დავგუგლე ეს ბატონი ემილი – პოლარ-ლეგენდა აღმოჩნდა! სატესტო გასვლა უკვე ჰქონიათ ანტარქტიკაში და მარტში კანადის ჩრდილოეთისკენ გასწევენ. რასაკვირველია, მანქანაში ქართული დროშები აქვს – ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე რომ აღმართოს.მალე სიამაყით ვიტყვით, რომ ზურაბ სანიკიძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც ორივე პოლუსი ავტომანქანით დალაშქრა.
შეძლებს! ქართველი თუ მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს.აგერ, ნიკოლოზ აფხაზმაც შეძლო და უცხო მიწაზე, შორეულ კანადაში, ფაქტობრივად, კლდეზე გააშენა ეს სამოთხის ბაღი“