9-10 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნის, საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში, მასშტაბური ჰაკათონი “ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“ გაიმართება.
პროექტი მთელ მსოფლიოში ერთდროულად აიღებს სტარტს და ორი დღის განმავლობაში ქვეყნების მიერ შერჩეული გამოწვევების ირგვლივ ათასობით გუნდი გაერთიანდება, იფიქრებს გამოწვევის ტექნოლოგიურ გადაჭრის გზებზე.
“ჩვენი ქვეყნის DigiEduHack2021 გამოწვევა განათლებაა და მონაწილეობის შემთხვევაში სწორედ ამ გამოწვევის ირგვლივ გავერთიანდებით – შევქმნით აპლიკაციებს, პლატფორმებს, სამაგიდო და კომპიუტერულ თამაშებს, ვიმუშავებთ საგანმანათლებლო მონაცემების დამუშავებაზე და ვიფიქრებთ გამოწვევების საინტერესო გადაწყვეტაზე. ადგილობრივ ტურში გამარჯვებული იდეას წარადგენს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, რომელზეც მას შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და ექნება შესაძლებლობა გლობალური გამარჯვებულის სტატუსისთვის იბრძოლოს; მოიპოვებს ფულად და სხვა ტიპის პრიზებს, რომელსაც ადგილობრივი ჰაკათონის ათეულობით პარტნიორი აწესებს. ასევე, ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები გამოავლენენ რჩეულ გუნდებსაც, რომლებიც ასევე დაჯილდოვდებიან მრავალფეროვანი პრიზებით. ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან დაკოპლექტებული ჯგუფებისთვის კი უნივერსიტეტი რჩეულ გუნდს გამოავლენს და ფულად ჯილდოს გადასცემს”- აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი.