ანდრეიკას ძაღლი „სკუკუმ“ და რეჯებ ჟორდანიას განცდები „უცნობი“ ძმის საფლავზე…
ნოე ჟორდანიამ 1904 წელს ცოლად შეირთო ინა კორენევა. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა და რეჯები. ანდრეიკა 12 წლის იყო, როცა ის უბედური შემთხვევის გართულების შედეგად, მენინგიტით გარდაიცვალა (1919 წლის 4 აპრილს). მთავრობის თავმჯდომარემ – ნოე ჟორდანიამ შვილი ლანჩხუთში, წინაპართა საგვარეული სასაფლაოზე დაკრძალა. რეჯებ ჟორდანია კი უკვე ემიგრაციაში, 1921 წლის დეკემბერში დაიბადა საფრანგეთში.
აქვე გთავაზობთ რეჯებ ჟორდანიას მოგონებას, მის განცდებს გარდაცვლილი ძმის საფლავზე, როცა ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1990 წლის ნოემბერში და მშობლიურ ლანჩხუთს ესტუმრა.
ას წელს მიტანებული რეჯებ ჟორდანია, რამდენიმე თვეა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
„მძიმე იყო ჩემთვის წინაპართა სოფელში პირველად ჩასვლა, 12 წლის ბავშვის საფლავთან მისვლა, რომელიც ჩემთვის სამუდამოდ უცნობ უფროს ძმად დარჩება. ანდრეიკა უაზრო უბედურ შემთხვევას შეეწირა. ის „გიგანტურ ნაბიჯობანას“ თამაშობდა, რაღაც კარუსელისმაგვარი ბორბლის მორგვის ცენტრში იყო მოთავსებული, მასზე კი ტყავის სახელურები ეკიდა.
ბავშვები მათ ეკიდებოდნენ. წრეზე დარბოდნენ და გაქანდებოდნენ თუ არა „გიგანტურ ნახტომებს“ აკეთებდნენ, მიწას დროდადრო თუ შეეხებოდნენ. ანდრეიკა ჩამოვარდა და თავი ძლიერად დაარტყა. დაემართა მენინგიტი, რომელსაც მაშინდელმა მედიცინამ ვერაფერი მოუხერხა. ბავშვი გარდაიცვალა. რა უბედურებაა ასეთი სიკვდილი! მისთვის, ჩემი მშობლებისათვის და თვით ჩემთვისაც, თუმცა ქვეყანას ოთხი წლის შემდეგ მოვევლინე.
ბავშვობაში ანდრეიკას გამუდმებულმა ხსენებამ თავი მომაბეზრა. ჩემს ძმაზე ვბრაზდებოდი, ვინაიდან მისი მოგონება ჩვენს სახლში დამთრგუნველი იყო. მამაჩემის საწერი მაგიდის თავზე, მიცვალებულის სარეცელზე მწოლიარე ანდრეიკას სურათი ეკიდა. სასტუმრო ოთახის შუაგულში კი, ბუნებრივ ზომაზე ბევრად დიდი მისი მარმარილოს ბიუსტი იდგა. დედა მუდამ მის ქება-დიდებაში იყო და ჩემთვის სულ მაგალითად მოჰყავდა.
რასაც ის აკეთებდა, ყველაფერი შესანიშნავი იყოო. მასთან მუდმივმა შედარებამ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ, მისი მოგონება ჩემთვის აუტანელი გახადა. საცოდავი ანდრეიკა! ის ხომ სულ პატარა გამოესალმა სიცოცხლეს, ჩემთვის არაფერი დაუშავებია და მაინც…
მეგონა ეს ბავშვური ემოციები დიდი ხნის მივიწყებული მქონდა, მაგრამ თურმე იოტისოდენა მაინც დარჩენილა, რადგან უეცრად მთელი ძალით იფეთქა.
მთელი ჩემი ბავშვობა ჩემს სულს უეცარი ტალღასავით მოაწყდა, ყველა ოჯახური სცენა გონებაში ამომიტივტივდა. დაკარგული დრო აწმყოს შეერწყა და ერთი მთლიანობა შეადგინა: წრეც ბოლოსდაბოლოს შეიკრა! ჯერ ფიზიკური წრე, ვინაიდან ჩემი სხეული იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც ქვეყანას მოევლინა. და გრძნობების ის შეუცნობელი კედელი, რომელიც ამდენი წლის მანძილზე ჩემსა და ჩემს ძმას შორის აღმართულიყო ბოლოსდაბოლოს გადავლახე.
დიახ, როგორც იქნა შევძელი ანდრეიკას ნახვა, ისეთისა, როგორიც უნდა ყოფილიყო, მხიარული, პატარა ბიჭუნა, უზრუნველი, სიცოცხლით სავსე, მშობლებს რომ სთხოვდა, პატარა ძამიკო მინდა სახელად რეჯებიო, ეს იყო ერთ-ერთი წინაპრის სახელი, რომლის ხასიათსა და მშფოთვარე ცხოვრებას ბავშვი აღტაცებაში მოჰყავდა.
ჰოდა, აი, მე, რეჯები, გავჩნდი, რეჯები და 69 წლის ასაკში დავუბრუნდი იმ მიწას, რომელიც თაობების მანძილზე გვასულდგმულებდა და დღემდე მოგვიყვანა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ფიქრებში წასული. ჩემი ოჯახის ამბები გონებაში უზარმაზარი ფრესკებივით მიტრიალებდა. შემდეგ ჯიხურისკენ გავემართე, დიდი თაიგული ვიყიდე (ლეო გამომედევნა, რომ მე არ გადამეხადა) და იმ არაფრით გამორჩეული ქვის ნატეხზე დავასვენე….“
რეჯებ ჟორდანია – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილი, ლინგვისტი, მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
ნაწყვეტი წიგნიდან „გავიზარდე ლევილში“.