,,ცხოვრება აუტიზმთან ერთად“- ქართველი ემიგრანტის შექმნილი ბლოგი და უამრავი მშობლის შეცვლილი რეალობა

ლელა გულიშვილი 8 წელიწადია ინგლისში, შეფილდში ცხოვრობს მეუღლესა და 2 ვაჟთან ერთად. სიახლეეების ძიების სურვილმა და სიყვარულმა წლების წინ უცხო ქვეყანაში გადახვეწა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არასდროს უნანია.

ლელას ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც მეორე შვილს, 2 წლის ასაკში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს… მან არამარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა იმ მშობლის დახმარება და გვერდით დგომა დაისახა მიზნად, ვისაც მსგავსი დიაგნოზის მქონე შვილები ჰყავდათ და მასავით ახალ რეალობასთან შეჯახება უწევდათ. ფეისბუქზე შექმნა ბლოგი სახელით ,,ცხოვრება აუტიზმთან ერთად“, სადაც მის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა. დღეს სოციალურ ქსელში ბლოგს 10 ათასი გამომწერი ჰყავს. ლელა მათ რჩევებსა და საკუთარ გამოცდილებს სიამოვნებით უზიარებს, ხშირად იმართება საინტერესო პირდაპირი ჩართვები და დისკუსიები პროფესიონალ ექიმებთან თუ ფსიქოლოგებთან ერთად. სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები აქვს, სწავლობს ფსიქოლოგიის მიმართულებით და მისი ოცნება – პროფესიონალურ დონეზე გაუწიოს დახმარება მსურველებს, მალე რეალობად იქცევა.

,,როდესაც დიაგნოზის ფურცელი დავიჭირე ხელში, მივხვდი დრო იყო ცვლილებების. იმ დღიდან ჩემი შვილისთვის გავხდი არამარტო დედა, არამედ  თერაპევტი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი… მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები, ვისწავლე სიახლეებთან ერთად ცხოვრება. ვცდილობ, მუდმივად ვიტრიალო ჩემი შვილების გარშემო და მათი ყოველი მომდევნო დღე იყოს უკეთესი. ცხოვრება ბუმერანგია, რასაც გავცემთ იგივე გვიბრუნდება. 2021 წლის 4 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს შევქმენი ბლოგი და ამით შევეცადე იმ მშობლებისთვის, ვინც აუტიზმს დიდ ტრაგედიად აღიქვამენ და მუდმივად სტრესში ცხოვრობენ, მეჩვენებინა როგორი მშვენიერია ცხოვრება. არ ვაიძულოთ ჩვენი შვილები გახდნენ მასის ნაწილები, არამედ ჩვენ შევიდეთ მათ საინტერესო სამყაროში. ვისწავლოთ და შევძლოთ აუტიზმთან ერთად ცხოვრება“- ამბობს ლელა ინტერვიუში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები