ქართველი მოჭადრაკე თეა ლანჩავა 1995 წლიდან ნიდერლანდებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის გოგონათა შორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას ფლობს. ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოსა და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე. არის ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ნაკრების წევრი და ქალთა შორის ჰოლანდიის ჩემპიონიც.
თეა ქუთაისში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 5 წლისამ დაიწყო. 12 წლისას ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტურნირისას შეამჩნია და გზის გაკვალვაში დაეხმარა… 1995 წელს უცხოელ მეუღლეს ჰოლანდიაში გაყვა, ნიდერლანდის სახელით გააგრძელა ასპარეზობა და იქაც არაერთი გამარჯვება მოიპოვა. 2006 წელს, კუშადასში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ლანჩავა ბოლო ტურამდე ლიდერობდა ცხრილს და ჩემპიონობაც შეეძლო, თუმცა გადამწყვეტ ტურში ქართველი მოწინააღმდეგე შეხვდა და მის საპატივისცემულოდ გამარჯვებაზე უარი თქვა.
ქართველმა მოჭადრაკემ სოლიდარობა საქართველოს 2008 წელსაც გამოუცხადა. თეას ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზა ნალჩიკში. სამი კვირით ადრე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. მათ შორის იყო თეა ლანჩავაც.
თეა არის ნიდერლანდებისა და მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის აკრედიტებული საერთაშორისო მწვრთნელი, ასწავლის ჭადრაკს 4 ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ის ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურის ცენტრისა და და ფონდ ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელია.
არის დამაარსებელი ფონდების ნორჩი მოჭადრაკეებისათვის ასევე ,,ჭადრაკის დედოფლების“ (რომელიც ხელს უწყობს ჭადრაკის განვითარებას გოგონებში). აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში. 2006 წელს დაამთავრა ნიდერლანდების საბანკო და საფინანსო ბაზრის ინსტიტუტი ფასიანი ქაღალდების განხრით და წლების მანძილზე, მეორე პროფესიითაც წარმატებით საქმიანობდა ფინანსურ მრჩევლად.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"