ხელოვნების სასახლემ საჩუქრად მე-18 საუკუნის ფრანგული აბრეშუმის კომზოლი მიიღო
ხელოვნების სასახლემ ხელოვან ზურაბ გოგორიკიძისაგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო – მე-18 საუკუნის ფრანგული აბრეშუმის კომზოლი: ულამაზესი ნაქარგობით და ვერცხლმკედით.
„ეს ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ დიდებულ მუზეუმს დაამშვენებდა! ზურას მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, ესეთი ნდობისთვის და სიყვარულისათვის, დღევანდელ დღეს როცა ჩვენი ყოველდღიურობა წალეკა სიძულვილმა, დაპირისპირებამ, ზურასნაირი ადამიანების ქმედება ორმაგად სამაგალითოა, მადლობა სამშობლოს ესეთი სიყვარულისათვის.“ – განაცხადა გიორგი კალანდიამ.
ზურაბ გოგორიკიძე: „ეს კომზოლი, დიდი ხნის წინ, ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონისგან ვიყიდე. ძალიან ცოტა ადამიანი ვტკბებოდით ამ სილამაზით. მერე, ტაჩენის კატალოგში აღმოვაჩინე, რომ ამ მეთოდით მოქარგული კომზოლების დიდი კოლექცია კიოტოს კოსტიუმების მუზეუმს ჰქონდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომ მარტო მე არ მეკუთვნოდა ეს ნამუშევარი და გადავწყვიტე, რომ სასახლისთვის საჩუქრად გადამეცა, რადგან ვთვლი, რომ სასახლეს ისეთი საოცარი მცველი ყავს გიორგი კალანდიას სახით, რომელმაც კარგად იცის ქსოვილიც და ასეთი საჩუქრის ფასიც. იყოს მუზეუმში, სხვამაც ნახოს ეს ნამუშევარი.“