ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილე
23 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 169-ე თეატრალურ სეზონს დახურავს. ამ სეზონის ბოლო კონცერტი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელის, უდიდესი ქართველი კლასიკოსის, დირიჟორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნება.
კონცერტზე შესრულდება ფრაგმენტები მისი ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“. საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, მალხაზ კობახიძე.
ამ დღისთვის თეატრი განსაკუთრებულად ემზადება. ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი, ყველა ოპერიდან შესრულებული სცენები იქნება კოსტიუმირებული. თეატრის სარკეებიან დარბაზებში მოეწყობა გამოფენა, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება გადაავლოს თვალი ზაქარია ფალიაშვილის ფოტოებს, მის ნოტებს(ხელნაწერებს), კომპოზიტორის ოპერების აფიშებს, პროგრამებს, კოსტიუმებს, მაკეტებს.
ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა–ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ–დრამატული „დაისი“, გმირულ–პატრიოტული – „ლატავრა“. პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. „აბესალომ და ეთერი“ დაიდგა ხარკოვში (1931), მოსკოვში „ბოლშოი“ თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ლოძსა (1972) და ზაარბრიუკენში (1974). „დაისი“ დაიდგა მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა–ათაში (1943), ბაქოში (1956), სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა, გორკიში, ზააბრიუკენში (1974), პლეზენში (1975).
ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი (1937-იდან), ქუჩები – თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ–მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-დან).