კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1 ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებს ექნებათ.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებს. სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს, სადაც უნიკალური ქართველოლოგიური მასალაა თავმოყრილი.

სტატიების მიღება 1 ივლისიდან დაიწყება და 15 აგვისტომდე გასტანს. 16 აგვისტოდან 16 სექტემბერამდე მათი შეფასება, ხოლო 24 სექტემბერს გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება. თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1000 ლარის, II ადგილზე – 800, ხოლო III ადგილზე გასული – 500 ლარის ოდენობით.

„კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა – ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები განხორციელდება.“ – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები