გურიაში ახალი ეროვნული პარკი დაარსდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ახალი ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება.
გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
„ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)” ნაწილია.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განახორციელებს.