შენგენის ზონაში შესვლის ახალი კრიტერიუმები

Deutsche Welle – ს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ, შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. 

იმისათვის, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე შენგენის ზონაში შევიდეს, საჭიროა ეს ქვეყანა  შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს:

ბოლო 14 დღის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევები 100 ათას სულ მოსახლეზე არ უნდა აჭარბებდეს 25 კაცს;

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა,  წინა 14 დღესთან შედარებით, სტაბილური უნდა რჩებოდეს, ან უნდა იკლებდეს;

კვირის განმავლობაში ქვეყანა 300-ზე მეტ ტესტს უნდა ატარებდეს 100 ათას მოსახლეზე;

კორონავირუსის ტესტზე დადებითი  პასუხი, ბოლო შვიდ დღეში, არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს.

ასევე გაითვალისწინებენ კორონავირუსის სხვადასხვა მუტაციების გავრცელების ხარისხს.

ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე ევროკავშირის საბჭო განაახლებს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვისაც შენგენის საზღვრები გაიხსნება.

ბოლოს აღნიშნულ სიაში მხოლოდ შვიდი ქვეყანა იყო: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი.

ამასთანავე შენგენის ზონაში ევროკავშირის მოქალაქეების ან რეზიდენტების, დიპლომატებისა თუ ტრანსპორტის მუშაკების შესვლა კვლავინდებურად დაშვებულია. სავალდებულოა ზონაში შესვლამდე მათ წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის  უარყოფითი პასუხით. ეს წესი არ შეეხება მხოლოდ ტრანსპორტის მუშაკებს, მაგალითად, მძღოლებს.

გარდა ამისა, შესაძლებელია, ქვეყნებმა მოგზაურებისთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ, დააწესონ დამატებით შეზღუდვები.

ეს რეკომენდაციები ვრცელდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე, გარდა ირლანდიის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისა. დანიას უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა ახალ რეკომენდაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები