ლიფაანალი – სვანური ტრადიცია, რომლის დროსაც ოჯახი გარდაცვლილთა სულებს 1 კვირა მასპინძლობს
“დღეს იწყება სვანურ რიტუალებს შორის ყველაზე იდუმალი, სევდიანი და საკრალური – ლიფანალი. ამ საღამოს მიცვალებულები სახლებში ბრუნდებიან და ერთი კვირის მანძილზე ვმასპინძლობთ მათ – ყველაზე ძვირფას და სათუთად მოსაფერებელ სტუმრებს. ვუყვებით ოჯახის ამბებს, ზღაპრებს, ვუმღერით, ვუმასპინძლდებით იმ კერძებით,რომლებიც სიცოცხლეში უყვარდათ. ერთი კვირის მერე დაგვლოცავენ, მომავალ ლიფანელიმდე ოჯახის მომავალს მამაღმერთს შეავედრებენ, ჩვენ ჭიშკრებამდე მივყვებით, გზას ანთებული სანთლებით გავუნათებთ და გავაცილებთ თავიანთ მარადიულ სამყოფელში – მომავალ ლიფანელიმდე.
ჩემთან უკვე იხარშება ითქ (ხორბალი). საღამოს თაფლით დავუტკბობ და შებინდებისას ოხშივარადენილი ითქის ჯამით და ანთებული სანთლით ჭიშკართან შევეგებები მამას, პაპას, ბებიას….
ვინმე დოკუმენტალისტმა აუცილებლად უნდა გადაიღოს ეს რიტუალი, სანამ ჯერ კიდევ აღესრულება. თუ რომელიმე ჩემი მეგობარი ან ნაცნობი ან თუნდაც, ჩემთვის უცნობი დოკუმენტალისტი დაინტერესდებით და გადაწყვეტთ ამ კარგი საქმის გაკეთებას, სიამოვნებით ვიქნები თქვენი მასპინძელი. ოჯახი, სადაც იმუშავებთ და იცხოვრებთ იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ” – წერს სოციალურ ქსელში ეკა კვიციანი .
ქვემო სვანეთში სულების კვირეული “ლიფაანალ” დაიწყო. ადგილობრივები ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი (სკამ-მაგიდა) ირეცხება და იხეხება. სამზადისი დილიდან იწყება რომ მიცვალებულთა სულებს, რომლებიც მათი აზრით, სტუმრად მიდიან, ყველაფერი უხვად დახვდეთ. სვანების რწმენით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობენ და გაცილებამდე იქვე რჩებიან. „სტუმრობა“მომდევნო კვირამდე გრძელდება. მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ ეს ქრისტიანული მიდგომა არაა, ამიტომაც მასობრივად აღარ აღინიშნება, თუმცა ტრადიცია ბევრ ოჯახში მაინც გრძელდება. სულების მასპინძლობა ამოუცნობი, მისტიური დღესასწაულია, რომელიც, მათი აზრით, ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს.