“ჟანგიანი ღვინო” და ფრანგი სომელიესთვის ბოდიშის მოსახდელად პარიზში ჩასული მიხო პაპა
1962 წელს საქართველოში მეღვინეობის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც ფრანგი ბარონი ლე რუა ხელმძღვანელობდა. იგი ღვინის უბადლო მცოდნე და საუკეთესო სომელიე გახლდათ. ფრანგი ბარონი განსაკუთრებით დაინტერესდა ჩვენი ქვევრის ღვინით და მისი დაყენების წესებით. ქართველმა მასპინძლებმა იგი გურჯაანელ გლეხთან – მიხო პაპასთან (გვარი არ შემორჩა ჩემს მეხსიერებას), ძველ და ცნობილ კაცთან მიიყვანეს ღვინის დასაჭაშნიკებლად.
მიხო პაპამ სავსე ქვევრი, საუკეთესო ღვინით მოუხადა საპატიო სტუმარს, ჭიქა შეუვსო და უთხრა – დამილოცე ქვევრ-მარანიო.
ფრანგმა ღვინო დაყნოსა, ერთი ყლუპი პირში გამოივლო, შემდეგ დალია – არც უთქვამს და არც გამოუხატავს რაიმე.
ჰა, როგორიაო კაცო?!- ჩაეკითხა მიხო პაპა…
უთარგმნეს… კარგი ღვინოაო, მაგრამ ჟანგიანობა აქვს მეტი და თუ რატომ – ეს მე და ამ კაცმა ვიცითო…
მიხო პაპას, როდესაც ბარონის ნათქვამი გადასცეს-გაბრაზდა და მთარგმნელს კახური პირდაპირობით მიახალა:
მაგაი, უთხარი: ღვინისა არა გაგეგება რა… და ჟანგი კიდევა შენა გაქვს პირში-თქო!…
ფრანგ სტუმარს შერბილებულად უთარგმნეს, მაგრამ თარგმანი საჭიროც აღარ იყო – გაბრაზებულ კახელ გლეხს სახეზე ეწერა ყოველივე…
დადგა შემოდგომა. მიხო პაპამ ღვინო ამოცალა ქვევრიდან და მის ამოწმენდას შეუდგა და ჰოი, საოცრება! -ქვევრის ძროზე დაჟანგული კლიტე (გასაღები) აღმოაჩინა, წინა წელს დაკარგული…
კახელი გლეხი თბილისში ჩამოვიდა, მოუყვა ეს ამბავი – ძლიერთა ამა ქვეყნისათა და ითხოვა: გამიშვით საფრანგეთში იმ პატიოსან კაცს ბოდიში მოვუხადო, ტყუილად ვაწყენინეო.
მიხო პაპა (რაც არ უნდა გაგიკვირდეთ!) -ჩავიდა საფრანგეთში, ნახა ბარონი ლე რუა, ბოდიში მოუხადა და თან თავისი ახლად დაყენებული ღვინო ჩაუტანა – გამისინჯეო!
ეს, კი მართლაც საუკეთესო ღვინოაო! -უთქამს მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ბარონ პიერ ლე რუას…
მას და მიხო პაპას ვაზის,ღვინისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოები სულ ვახტანგურად დაულევიათ…
in vino veritas! (ღვინოში არის ჭეშმარიტება!)…
ეს, ჩემი აზრით, საინტერესო ისტორია გამახსენა ამ სურათმა.
ფოტოზე – საქართველოს დამსახურებული მეღვინე ნიკოლოზ ჟღენტი და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ბარონი პიერ ლე რუა.
ზურაბ მაჭავარიანი