1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი
1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი, რომელიც დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა 1919-1921 წლებში.
ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები “სდრ”.
ქართულ ბონზე ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერაა დატანილი.
საქართველოს ბონები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე იბეჭდებოდა; გამონაკლისია მხოლოდ 500 და 5000-მანეთიანი ბონები. ჭვირნიშნებით წარმოდგენილი იყო ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული სამი ქართული ასო – ს. დ. რ. – რომელიც იშიფრება როგორც `საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ ჭვირნიშნიანი ქაღალდი რომში, იტალიის სამეფო ზარაფხანაში დაამზადებინა.