ილიაუნის სამი პროფესორი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგშია
სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებული სია, რომელშიც საქართველოდან სულ ხუთი მეცნიერი შევიდა, მათგან სამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია:
ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში.
რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ში კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში.
მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, რომელიც მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.
ექსპერტების მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვე-დარგში მომუშავე 100,000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა გამოქვეყნებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას.
სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.