“ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა” – ნოდარ დუმბაძე
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი გავლენას ახდენენ ადამიანის ფორმირებაზე – მათ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, დიდხანს და ხშირად ძალიან მძიმედ გვახსოვს. თუმცა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რა რაკურსით შევხედავთ ამბავს – ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს, ხანდახან თავის თავში კომპლიმენტსაც მოიაზრებს. ზუსტად ისე, როგორც ნოდარ დუმბაძე იყო “უსაზღვროდ კრეტინი”
,,ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი – საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობსცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა…” – ნოდარ დუმბაძე