ცხრა ძმისთვის აღმართული 9 ჯვარი და ლეგენდა ულამაზეს სალოცავზე 

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში მდებარეობს.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ადრე ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წასულა. თურმე, ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაუწყვიტავს შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღუმართავს,  საკუთარი მხრებით აუტანია მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გაუკეთებია. ომის დასრულების შემდეგ, თურმე ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში, ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებულან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო.

მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შრომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულისბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, როცა ცხრაჯვარის დღესასწაული აღინიშნება,  უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ თურმე.

არავინ იცის გამორჩეული სალოცავის 2 ლეგენდიდან რომელია ცხრაჯვარის ნამდვილი ლეგენდა, თუმცა, ალბათ ორივე მათგანს ერთდროულად არსებობაც შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები