თბილისის საგუნდო მუსიკის მე-10 ფესტივალი გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, თბილისის საგუნდო მუსიკის მე-10 ფესტივალი გაიხსნა.

საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, გაიმართება  ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ფიროსმანი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მძლევარი”, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლირა”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ერქვანი”, გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი “მართვე”, თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ბიჭები”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია – განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები