“ბორჯღალოსნები” 8 ერში – საქართველოს რაგბის ნაკრები “შემოდგომის ერთა თასზე” იასპარეზებს

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრები „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 

“სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება” – ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები