ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია
.ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია პროექტით „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა”, რომელიც მალხაზ ნაკაშიძემ წარადგინა.
საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე Jean Monnet-ის პროფესორი გახდა და მიენიჭა Jean Monnet-ის კათედრის ხელმძღვანელის სტატუსი 3 წლის ვადით.
პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პირველი Jean Monnet-ის კათედრა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ევროპული ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელებას. კათედრის გახსნა ითვალისწინებს სამი ახალი სასწავლო კურსის დანერგვას, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კვლევების განხორციელებას.
„მოხარული ვარ, რომ აჭარაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავხსნით პირველ ჟან მონეს კათედრას, რომლის მიზანიც იქნება რეგიონში ევროპული ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელება, სამი ახალი სასწავლო კურსის დანერგვა, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება, ახალგაზრდების ჩართულობა, კვლევების განხორციელდება და სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტის და რეგიონისთვის.
პროექტზე ბევრი ვიმუშავე, შედეგების გამოცხადება ძალიან დაგვიანდა, თუმცა პირველივე წარდგენაზე ასეთი შედეგი დიდი სტიმულის მომცემია. დავრწმუნდი, რომ ბრიუსელში შრომა ფასდება და მართლაც, ძალა ევროპაშია!“ – წერს მალხაზ ნაკაშიძე.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.