კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 12 დღემდე შემცირდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული. ამ დრომდე კარანტინის ვადად 14 დღე იყო განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები საკარანტინე სივრცეში 14 დღის ნაცვლად, 12 დღის განმავლობაში განთავსდებიან.

იზოლაციაში პირი 14 დღის ნაცვლად განთავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს, ნაცვლად 14 დღისა.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოში ბიზნესსაქმიანობის მიზნით ჩამოსული პირი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში – ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული – „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები