საქართველომ 15 ტონა პირადი დაცვის საშუალებები მიიღო
ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმოს ძალისხმევით, საქართველოსთვის 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალება შეიძინეს. მათ შორის, 5 ათასი სახის საფარი, 13,2 ათასი დამცავი სათვალე, 30 ათასი საიზოლაციო ხალათი, 1 მლნ სამედიცინო ნიღაბი და 328 ათასი რესპირატორი.
„ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ“, – აცხადებენ ევროკავშირის მისიაში.
„ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენ რეიმ.
ევროკავშირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.