“ყველაზე დიდი მადლი უანგარო სიკეთეა…”
პატარა ისტორია, პატარა ტკივილი, უანგარო სიკეთე და მადლიერი ემიგრანტი – ქართველი ემიგრანტის თეონა ჭანტურიას წერილი „გადავდოთ სიკეთე ერთმანეთს!“
„დილით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. მივხვდი ისევ ნერვის ამბავი იყო და თბილად ჩავიცვი ამ გაგანია სიცხეში. სტუმარს ველოდი თანაც იმ დღეს და არ მინდოდა თავი შემერცხვინა. ქართული ხაჭაპური დავაცხვე, თევზი იტალიურად გავამზადე ფორნოში, ფრესკო სალათაც მივაყოლე და დოლჩეც. მაინდამაინც კარგი მზარეულობით არ გამოვირჩევი, მაგრამ რომ მოვინდომე საოცრად კარგი სადილი გამოვიდა, ბაბუაც ვასიამოვნეთ, ჩვენთან ერთად იჯდა მაგიდასთან და ხარხარებდა ჩვენს ქართულ გაუგებარ ლაპარაკზე…
სტუმარი გავაცილე ჭურჭელიც დავამშრალე და ბაბუას გვერდით სავარძელში ჩავჯექი. კი მახსოვს რომ ჩავჯექი, მაგრამ როგორ ავდექი ეს უკვე ძნელი სათქმელია… ვერ ავდექი ფაქტობრივად. . . ნერვმა სერიოზულად დამიტოკა… ვტიროდი ხმამაღლა მეც და ჩემთან ერთად ბაბუაც… ჯერ შენ დაწექი, მე დაგეხმარებიო და მერე და დავწვებიო მეუბნებოდა და თან ტიროდა. როგორც იქნა დავამშვიდე არაფერი მჭირსთქო და საწოლის გადასაფარებელი შევუსწორე და დიდი ვა ვაგლახით დავწექი,
დილის გათენება არ მინდოდა, ძლივს ვაკეთებდი საქმეს… ვინ არ დავიგულე იმედად, ვის არ ვაწუხებდი, მაგრამ ზოგს არ ეცალა, ზოგს მართლა არ შეეძლო დამხმარებოდა. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა და თუ შეიძლებოდა ერთ ზარს ასე გავებედნიერებინე არ მეგონა. მეგობრის დედა მირეკავს. ისიც ჩემნაირი ემიგრანტია ამავე ქალაქში, რა ნემსია მითხარი აფთიაქში ვარ და გიყიდიო, ჯერ შემრცხვა, თითქოს ვიუარე, მაგრამ ნარკომანივით მაცახცახებდა ტკივილი და პასუხიც არ დავაყოვნე … წამალი შემიძინა იმ მადლიანმა ქალმა და შვილს და სიძეს დაუტოვა რომ მოეტანათ ჩემამდე…
არავინ მითხრას უცხო ქვეყანაში დახმარების ხელის გაწევა არ შეუძლიათო… მე ადამიანის სახე აღარ მქონდა, საქმე არ მინდოდა გამომრჩენოდა რამე და თანაც ტკივილი მაკივლებდა… წამალი ჩემამდე მოიტანეს და პარკში ახალმოდუღებული ქართული ტყემალი გამომიყოლეს…
ყველაზე დიდი მადლი უანგარო სიკეთეა, მე გლოცავთ თქვენ ქალბატონო Nino Mitagvaria, მე გლოცავთ თქვენ ჩემო მეგობრებო ზოია და ქიშუ ამ სიკეთისთვის…უფალი ყველა თქვენ კეთილად გადადგმულ ნაბიჯს მადლად ჩაგითვლით და მადლი მოეფინება თქვენს ირგვლივ მყოფ გულით საყვარელ ადამიანებს… უფალო გთხოვ ამ უცხო მიწაზე ამრავლე მსგავსი სიკეთის მკეთებელი ადამიანები. მე იმედია მალე დავდგები ფეხზე და ვიფრიალებ ჩემი საყვარელი ბაბუას ულამაზეს სახლში.
თეონა ჭანტურია 2020 წელი 21 ივნისი”