თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის რანჟირებაში მოხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა.
QS World University Rankings-მა მსოფლიოს უნივერსიტეტებიდან შეფასებისთვის 1604 საუკეთესო უნივერსიტეტი შეარჩია და აქედან რეიტინგში მხოლოდ 1002 უნივერსიტეტი მოხვდა. მათი ცნობით, თსუ საუკეთესო ათასეულში 601-650 პოზიციას იკავებს.
„QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენის მიზნით, იყენებს შემდეგ ინდიკატორებს: აკადემიური რეპუტაცია; დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია; სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა; პერსონალის ციტირების მაჩვენებელი; უცხოელი პერსონალი; უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად, რანჟირება ფარავს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტის რეპუტაციის შეფასებას.
QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებას სათავეში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) უდგას. მეორე და მესამე პოზიციებზე სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტები არიან. ოქსფორდის უნივერსიტეტი მეხუთე პოზიციაზე არის წარმოდგენილი.