სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებმა სოციალურად დაუცველებისათვის ნახევარი ტონა კარტოფილი შეაგროვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ნახევარ ტონაზე მეტი კარტოფილი შეაგროვეს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს.
“მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ეკონომიკური ვითარება მსოფლიო მასშტაბით და ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაშიც სახარბიელო არ არის. ამ ვითარების გამო საქართველოში სოციალურად დაუცველ ადამიანებს სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ. სწორედ ამიტომ სოფელ ხეოთის მცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი წარმოების კარტოფილი შევაგროვოთ და გადავცეთ ახალციხის მუნიციპალიტეტს, რომ შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურებმა ეფექტურად გაუნაწილონ სოციალურად დაუცველებს ჩვენს მიერ მიწოდებული სასურსათო პროდუქტი. ვფიქრობთ, ჩვენი სოფლის მსგავსად კიდევ ბევრი სოფელი გამოიჩენს ინიციატივას და მხარში დაუდგება საქართველოს იმ მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც ამ დროისთვის დახმარება სხვებზე მეტად სჭირდება. თითოეული სოფლის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული ნებისმიერი სასურსათო პროდუქტი (კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და ა.შ.) ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოკვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ დროისთვის შევძელით ნახევარ ტონაზე მეტი კარტოფილის შეგროვება, ვიწვევთ მუნიციპალიტეტის სოფლებს, რომ მათაც იზრუნონ ჩვენ მოქალაქეებზე. მადლობა, რომ არასდროს ამბობთ უარს ქველმოქმედებაზე, სიკეთე გადამდებია!
ხეოთი გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერს ადგილობრივი მცხოვრები