როგორ იცვლება საელჩოებში მომსახურების წესი და რა უნდა გაითვალისწინონ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება.  2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე, უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში, მომსახურების შეზღუდვებს.

შეზღუდვები არ შეეხება იმ მომსახურებებს, რომელთა მიღებაც დისტანციურადაა შესაძლებელი 

ახალი წესების თანახმად: გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს.  იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს) და ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს.

თუკი მოქალაქეს აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან ჰქონდა შეხება კორონავირუსით ინფიცირებულთან, მას ეკრძალება საელჩოში გამოცხადება. ასევე, მოქალაქე საელჩოში უნდა გამოცხადდეს “დამცავი ატრიბუტიკით”.

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება. მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას. ასევე, თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები