”მიწას ვაკოცე. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი და ლამაზი ქვეყანა”
ორი სამშობლო, ორი ენა, სიყვარულით დაწერილი მელოდიები და გულში შენახული საქართველოს სიყვარული… ასეთია მორის მუსაის მოკლე ბიოგრაფია, ის თავის პირველ სამშობლოში სექტემბერში საქველმოქმედო კონცერტით დაბრუნდება, მანამდე კი მასთან პატარა ინტერვიუს გთავაზობთ.
– მე თბილისში დავიბადე, თუმცა მერე გურჯაანში ვცხოვრობდით, ფარნავაზის ქუჩაზე, 8 ნომერში, მახარაშვილის ძეგლთან. ერთად ვცხოვრობდით მე, ჩემი უფროსი დაიკო, დედა და მამა. დედა ლაბორატორიაში მუშაობდა ლაბორანტად, მამა მასწავლებელი იყო და ისტორიას ასწავლიდა. მეც ამ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მასწავლებელიც იყო.
– სწავლა გიყვარდათ, თუ მამა ხშირად გსაყვედურობდათ?
– მე დაკვრა უფრო მიყვარდა. 6 წლის ვიყავი, მამამ პირველი დოლი რომ მიყიდა კურკურის ბაზარზე. მერე კულტურის სახლში ფორტეპიანოზე დავდიოდი. ნოტების სწავლა დავიწყე, მაგრამ მაინც დრამერობა უფრო მინდოდა.
– როდის გადაწყვიტეს მშობლებმა ისრაელში წასვლა?
– 1992 წელს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებულიყვნენ ისტორიულ სამშობლოში და წავედით წმინდა მიწაზე.
– და როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება მეორე სამშობლოში?
– ჩემი ორი დალოცვილი სამშობლო ჩემს გულში გავაერთიანე, გულში ჩავიკარი კულტურა, ზრდილობა, პატიოსნება, დიდი და პატარა ადამიანების სიყვარული. აქ ვმუშაობ ჩვეულებრივად, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ ვუღალატე. ჩემი ინსტრუმენტალური ანსამბლი შევქმენი და მსოფლიო მელოდიებთან ერთად საკუთარ მუსიკასაც ვუკრავ. პროდიუსერიც მე ვარ და რეჟისორიც.
– ალბათ, ძნელია წახვიდე შორს და დაიწყო ახალი ცხოვრება…
– 12 წლის ვიყავი როცა წავედით. დავტოვეთ სახლი, მეგობრები, ძნელი იყო… ასე გეტყვი: სულ 2 საათი და 30 წუთია ფრენა. როცა უნდა ადამიანს, მაშინ ჩამოვა. შეუძლებელი არაფერია.
– პირველად 6 წლის წინ ჩამოხვედით საქართველოში, 21 წლის შემდეგ…
– კი, მოვდიოდი და ყველაფერს ვიხსენებდი. ილუმინატორიდან ვუყურებდი ჩემს ლამაზ კუთხეს და იცით რა გავაკეთე პირველი, როცა თვითმფრინავიდან ჩამოვედი? – მიწას ვაკოცე. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი და ლამაზი ქვეყანა.
– როგორც ვიცი მალე აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას…
– დიახ, მალე ჩამოვალ, 2020 წლის სექტემბერში გურჯაანში საქველმოქმედო კონცერტს გავმართავ. ეს ჩემი მეგობრის სულის მოსახსენიებელი კონცერტი იქნება. ის მუსიკოსი იყო – სამირ შევჩუკი, მამით ბოშა და დედით უკრაინელი. კონცერტზე ვისაც სურვილი ექნება, ყუთში თანხას ჩაყრის და ეს თანხა ბავშვთა სახლში უდედმამო ბავშვებს გადაეცემათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც სახელად ერქმევა სიკეთე. ყველას გეპატიჟებით სიკეთის საღამოზე.