ამსტერდამში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართება
“Nino’s Wonderland” – ასე ჰქვია საკონცერტო პროგრამას, რომლითაც ქართველი პიანისტი, ნინო გვეტაძე ნიდერლანდელი მსმენელის წინაშე 2020 წლის 28 თებერვალს წარსდგება. კონცერტს ამსტერდამის ცნობილი დარბაზი “Concertgebouw” უმასპინძლებს.
ნინო გვეტაძე წლებია უცხოეთში მოღვაწეობს – ჰააგის სამეფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, სწავლა ამსტერდამის კონსერვატორიაში გააგრძელა. სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა – ნინო მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს ლაურეატი და რამდენიმე ალბომის ავტორია.
ქართველმა პიანისტმა გასტროლებით წარმატებით მოიარა: გერმანია, საფრანგეთი, სირია, ეკვადორი და სხვა ქვეყნები. იგი თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან – მიშელ პლასონი, იანი–ნეზეთ სეგანი, მიშელ ტაბაჩნიკი, ჯონ აქსელროდი და იაპ ვან ზეედენი; უკრავს როტერდამის, ჰააგის, რაინის, სეულისა და ბრუსელის ფილარმონიულ ორკესტრებთან და მალერის კამერულ ორკესტრთან ერთად.