მუსიკალურ-კულტურული ცენტრში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე გაიმართა ჯაზმომღერლის, „გრემის“ ორგზის მფლობელის, კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

კურტ ელინგმა მსოფლიოს საუკეთესო ჯაზმომღერლებს შორის დაიმკვიდრა ადგილი და 25-წლიანი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში მოიპოვა სამი „ვოკალური ჯაზის პრიზი“ საფრანგეთში, ორი „ექოს პრიზი“ გერმანიაში, ორი „ედისონის პრემია“ ნიდერლანდებში და 16-ჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ მოსაპოვებლად. 14 წლის განმავლობაში ის იყო კრიტიკოსთა და მსმენელთა გამოკითხვების ლიდერი და 12-ჯერ მოიგო ჯაზის ჟურნალისტთა პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ვოკალისტი“.

ელინგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან ბრენფორდ მარსალისი, დანილო პერესი, სტეფონ ჰარისი, ფრედ ჰერში, ჯეიმს მორისონი და ჩარლი ჰანტერი. ასევე ინტენსიურად გამოდიოდა ისეთ ანსამბლებთან, როგორიც არის კლეიტონ-ჰამილტონის ორკესტრი, ნაციონალური ახალგაზრდული ორკესტრი, ბობ მინცერის ბიგბენდი, ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი, მეტროპოლის ორკესტრი (ჰოლანდია), ირლანდიური რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, შოტლანდიის ნაციონალური ჯაზორკესტრი და დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობის ორკესტრი.

ჯანსუღ კახიძის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12 მაისს „გრემისა“ და „ლათინური გრემის“ 16 ჯილდოს მფლობელის, კუბელი კლარნეტისტისა და საქსოფონისტის, პაკიტო დ’რივერასა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, 25 მაისს კი მსოფლიოს ვარსკვლავის, აფრიკელი მომღერლის, „გრემის“ ხუთგზის მფლობელის, ანჟელიკ კიჯოსა  და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება. კონცერტებს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. პირველი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე.

სხვადასხვა წელს ფესტივალში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ: The Manhattan Transfer-ი, New York Voices-ი, TAKE 6, The Real Group-ი,  Dee Dee Bridgewater-ი,  Janoska Ensemble-ი, ივან ლინსი, ბობ ჯეიმსი, პატი ოსტინი, პაულა მორელნბაუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები