2-4 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

2-4 ივნისს, ექსპოჯორჯიაში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება და ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი პროდუქცია გააცნონ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს.

WinExpo 2023 უმასპინძლებს ღვინის აგენტებს, თრეიდერებს, სასტუმროების, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიასა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს, რომელთაც ინდუსტრიის უკეთ გაცნობა სურთ.

ქართველ მწარმოებლებთან ერთად აქ შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მომწოდებელ კომპანიებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმიც, რომელიც მიზნად საერთაშორისო იმპორტიორებთან მეწარმეების შეხვედრებს, საექსპორტო ბაზრების განხილვასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას ისახავს.

გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულ ღვინოებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები