შაბათ-კვირას ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომლითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 4 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვა.

დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00  საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც  ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. გასული წლებისგან განსხვავებით წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. მასზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები