გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში ახალი დიასპორული ორგანიზაცია გაიხსნა

29 აპრილს, გერმანიის ქ. ჰანოვერში, საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ქალბატონი ნინო ციბაძის ინიციატივით, ასევე გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 20 თანადამფუძნებლის ერთობით  ასოციაცია „გერმანულ-ქართული სახლი“ (DGH) Deutsch-Georgisches Haus e.V გაიხსნა.

ასოციაციის დამფუძნებელთა კრება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული ცეკვა ხორუმით ქორეოგრაფ დიმიტრი ჯაფარიძე-ფითცის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლად გახსნილი ასოციაციის თანადამფუძნებელიცაა. ქალბატონი ნინოს ინიციატივითა და ბატონი დიმიტრის ხელმძღვანელობით მოზარდებმა ცეკვისას სიმბოლურად წარმოადგინეს გერმანიისა და საქართველოს დროშები. შედეგად ცეკვის სტუდიო „კოლხი“ ოფიციალურად გაფორმდა გერმანულ-ქართული სახლის ქოლგის ქვეშ.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან: თავად ნინო ციბაძე და მისი მეუღლე, გიორგი მჭედლიშვილი (ჰანოვერი), გენადი წიქორიძე (დრეზდენი), მალხაზ აიწურაძე (ფრაიბერგი), ანა თორმაიერი ვაჟით, გეორგ რიჩარდ თორმაიერი (ბრაუნშვაიგი), ხათუნა კეთილაძე მეუღლითურთ, გიორგი კედია (ჰანოვერი), ირინა კრუგლენია (ლაიფციგი), ირმა ჭანყოშვილი (დრეზდენი), სოფო ყაჭეიშვილი (ჰანოვერი), ლარს ფიშერი (ჰანოვერი), გიორგი დარბაიძე მეუღლითურთ, ირმა ბაღაშვილი (ჰანოვერი), გიორგი ფოჩხუა მეუღლითურთ, ხატია ძებისაშვილი (კლაუსტალი), დიმიტრი ჯაფარიძე-ფითცი (ლანგენჰაგენი), ანა გამდლიშვილი (ჰამბურგი), თეონა ლაბაძე (ბერლინი), ლალი ციბაძე მეუღლითურთ, მიხეილ კაპანაძე (ილოუ, რიპე).

დამფუძნებელთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ „პატრიოტი დიასპორელის“ მშობლები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან. შესაბამისად დამფუძნებელთა კრებაზე ნორჩი პატრიოტი დიასპორელებიც წარდგნენ.

გერმანულ – ქართული სახლის მიზანია ხელოვნების, კულტურისა და განათლების სფეროების, ერების გაძლიერებისა და ურთიერთგაგების იდეის  მხარდაჭერა. იგი ემსახურება გერმანულ – ქართული ურთიერთობების გაღრმავებას.  ამასთანავე, ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტს „პატრიოტი დიასპორელი“, რომელიც ხორციელდება ქართულ საჯარო სკოლებში.

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია 12 წელზე ზევით ფიზიკურ და იურიდიულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

დამფუძნებელთა კრებაზე ასოციაციის დირექტორთა 7 კაციანი საბჭო აირჩიეს. დირექტორთა საბჭოს (არჩეული) ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე პროფესორი გენადი წიქორიძე, ასოციაციის (არჩეული) მმართველი დირექტორი – ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ქალბატონი ნინო ციბაძე, ხოლო ხაზინადარი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი მალხაზ აიწურაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები