ლუკა ჩიქოვანი ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლზე დაამტკიცეს

იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლზე დაამტკიცეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლუკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„ძალიან მაგარი ახალი ამბავი მაქვს. ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლს ვთამაშობ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დიდებული როკვარსკვლავისა და გენიოსის განსახიერება. მე უბრალოდ მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუის ფიგურასთან, ის ყოველთვის შთამაგონებდა კომუნიკაციის ენების შესახებ მისი ახალი კვლევების თუ შინაგანი სამყაროს მისტიკური და გონებრივი გზით გათავისუფლების მცდელობებით“ – წერს ლუკა ჩიქოვანი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Ground Control“ სიუჟეტი, როკვარსკვლავის შინაგან სამყაროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, მას სურს გაიგოს ვინ არის სინამდვილეში, იმ ნიღბის გარეშე, რომელსაც სახლიდან გასვლამდე ირგებს, ვინ არის დევიდ ბოუი მაშინ, როდესაც იგი მარტოა.

თბილისში დაბადებული ლუკა ჩიქოვანი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და YouTube-ზე გამოქვეყნებული ჯასტინ ბიბერის, One Direction-ის და შონ მენდესის სიმღერის ქავერების შესრულებით სუპერ პოპულარული გახდა. 2016 წელს მან ხელი მოაწერა Universal Music Italia-სთან და სადებიუტო ალბომი Start გამოუშვა. დღეისთვის ლუკას კარიერაში უკვე რამდენიმე ფილმია, მათ შორის Happy as Lazzaro (2018 წ.), Revenge Room (2020 წ.) და  House of Gucci (2021 წ.).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები