წმინდა გიორგი ქართველების ზეციური მხედრის სულიერი და ასევე ხილული დამხმარე

წმინდა გიორგი ჩვენი სამშობლოს მფარველია. საქართველოში მისი თაყვანისცემა წმინდა ნინომ, მისმა სისხლით ნათესავმა განგვიმწესა. წმინდა გიორგი მუდამ შეეწეოდა ქართველებს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში და, თანაც, ეს ხდებოდა, როგორც ზეციური მხედრის სულიერი, ისევე – ხილული დახმარებითაც:

1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ცნობილი ომის დროს, მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი „გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა“ ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით.

1659 წელს, სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი: „ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა“.

დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი: ერთ–ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ, სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდ–ისრებით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლია – შუაზე აპობდა თათრებს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან. მაგრამ მან მხოლოდ ორი ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა.

მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთ–იქიდან დახვდათ ჩამოკიდებული. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცველ ერს.

1795 წელს, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსულ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბდიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ქართველებმა მასში წმინდა გიორგი შეიცნეს, მთას „შავნაბადა“ უწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეს ხატი კი გელათშია დაბრძანებულია, რომელიც XI ს მიეკუთვნება.

წყარო: მატიანე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები