ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიე

გასული საუკუნის სამოცდაათწლოვანმა ათეისტურმა კომუნისტურმა მმართველობამ ქუთაისშიც აწარმოვა თავისი აგრესიული ათეისტური კამპანია, რომელსაც შეეწირა ქალაქის ცენტრში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი.

ქუთაისის მერიის შენობის გვერდით, ამჟამად არსებული შრომის მემორიალის ადგილზე მდებარეობდა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. აღნიშნულ ადგილზე 1450 წელს აიგო პირველი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთადერთი ტაძარი იყო.

დრო-ჟამის მსვლელობამ, ძველი ტაძარი დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა ახალი ტაძრის აგება. 1829 წელს დეკანოზმა იესე გიორგაძემ, წერილობითი თხოვნით მიმართა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონს (წულუკიძე), რათა ნება დაერთო ახალი ტაძრის აგებისთვის. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1840 წელს. 1811 წლიდან (ჯერ კიდევ ძველ ტაძარში) 1861 წლამდე ხსენებულ ტაძარში ღმრთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იესე გიორგაძე (გარდაიცვალა 1861 წლის 27 ივნისს). ერთ დროს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი ქუთაისის საკათედრო ტაძარი გახლდათ.

ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვს წარმოთქმული წმიდა მღვდელმთავარს, საქართველოს ეკლესიის მნათობსა და ოქროპირს, იმერეთის ეპისკოპოს წმიდა გაბრიელს (ქიქოძე). ხსენებული ქადაგებებიდან რამდენიმე ჩვენამდე მოღწეულია…

აღნიშნულ ტაძარში მსახურობდნენ ცნობილი სასულიერო პირები: დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1877-1904 წლებში), დეკანოზი კორნელი კეკელიძე (1905 წელს) (შემდგომში ცნობილი აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი) და სხვანი…

ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში მდებარეობდა სასაფლაო, რომელიც ერთგვარი პანთეონი იყო, სადაც ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ დაკრძალულნი: საბა კლდიაშვილი, სამსონ თოფურია, მედიცინის დოქტორი დიმიტრი ნაზარიშვილი და სხვები…

1944 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, ხოლო მის გალავანში არსებულ სასაფლაოზე დაკრძალულ მიცვალებულთა ნეშტები სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს (ძირითადად მწვანეყვავილას პანთეონში, ზოგიერთიც საფიჩხიის სასაფლაოზე), თუმცა ზოგიერთი საფლავი არ გაუხსნიათ და დღესაც, რამდენიმე საფლავი მიმობნეულია ამ ადგილზე, ხოლო იქვე მდებარე სახეცვლილი ქვის გალავანი, სწორედ ხსენებული ტაძრის გალავნის ნაწილი არის.

წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარს გააჩნდა სამრეკლო, რომელიც ტაძრის დანგრევიდან ერთ წელიწადში, 1945 წელს დაანგრიეს და როგორც აღვნიშნეთ, ამ ადგილზე ააგეს შრომის მემორიალი, რომელიც დღესაც არსებობს.

გავიდა დრო… ღვთის წყალობით, დასრულდა ათეისტური რეჟიმი. საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამის კვალად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ მიეცა თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ამ ფონზე, ღვთის ნებითა და საერო ხელისუფლების თანხმობით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ქუთაისის მერიის შენობაში აკურთხა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც მოქმედია და არის ათეისტების მიერ დანგრეული ტაძრის სამართალმემკვიდრე.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები