ვორონცოვის ხიდის ისტორია

გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისი სწრაფი ტემპით იცვლებოდა და მიუხედავად ამისა, ქალაქში მხოლოდ ერთადერთი მეტეხის ხიდი არსებობდა. საკმაოდ  რთული იყო  მტკვრის მოპირდაპირე ნაპირების დაკავშირება. კუკია, ჩუღურეთი, გერმანელთა დასახლება (დღევანდელი აღმაშენებლის(პლეხანოვის) პროსპექტის მიდამოებში) მოწყვეტილი იყვნენ ქალაქის ცენტრალური უბნებისგან და მათ შორის კავშირი დიდი ხნის მანძილზე შემოვლითი გზებით ხორციელდებოდა. ორმოციან წლებში ზაარბრიუკენის ხიდის ხაზზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა მტკვარი.

30-იანი წლების დასასრულს დამუშავდა კაპიტალური ხიდის პროექტი, მაგრამ მეფის მთავრობამ უარი თქვა ხიდის მშენებლობის ფინანსირებაზე დ პროექტი არ განხორციელებულა.

ორმოციან წლებში კავკასიაში მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის დავალებით ხიდის პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ჯ. სკუდიერმა. ნაგებობა ორი დიდი და მცირე ხიდებისაგან შედგებოდა, მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტზე. 1848 წელს დაწყებული მშენებლობა სხვადასხვა მიზეზით ხშირად წყდებოდა. 1849 წელს ადიდებულმა წყალმა წაიღო ხის ხიდი, 1851 წელს ტაძრის მშენებლობისას დაიღუპა ხიდის ავტორი და სამუშაოთა ხელმძღვანელი არქიტექტორი სკუდიერი. 1851 წელს დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიკსმა, რომელმაც ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პირველი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი ქართველთა შორის კ. ბაგრატიონი. მიხეილის  დიდი ხიდი 1853 წლის აპრილში საზეიმოდ გაიხსნა.

მიხეილის ხიდს თბილისელებმა არაოფიციალურად ვორონცოვის სახელი შეარქვეს, ხიდი იმდენად ვიწრო იყო, რომ უკვე 1884 წელს გადაკეთდა. ამ ხიდის კონსტრუქცია გარკვეულ ტექნიკურ ინტერესს იწვევდა. 32-მეტრიანი თაღოვანი მალი თლილი ქვით არის ამოყვანილი დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა გამაგრებულია ლითონის ღეროებით-პირონებით.

დიდი ვორონცოვის ხიდი ძირფესვიანად შეიცვალა 1961 წელს (ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტექტორები: გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ძველი ბურჯები და შეინარჩუნეს ხუთმალიანი კონსტრუქცია და თაღების მოყვანილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები