იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მედლებით დაიწყო

გუაიაკილიში (ეკვადორი) მიმდინარე იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მედლებით დაიწყო.

პირველ დღეს, უმსუბუქეს – 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა.

მომავალმა ფინალისტმა პირველ წრეში ფრანგი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კოლუმბიელი, ისრაელელი, ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მაზიაშვილმა, რომელმაც პირველ ორ შეხვედრაში ოქროს ქულებით მოუგო რუმინელ და ავსტრიელ თანატოლებს, მაგრამ  მეოთხედფინალში დამარცხდა ფრანგ მეტოქესთან და რეპეშაჟში გააგრძელა გამოსვლა. მაზიაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ტაივანელი მეტოქე დაამარცხა, მედლისთვის დაპირისპირებაში კი ბრაზილიელ მიშელ აუგუსტოს მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

მეორე დღეს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა. მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ეკვადორელი, გერმანელი, მაროკოელი და უნგრელი მეტოქეები, მაგრამ სამედლო დაპირისპირებაში ოქროს ქულით დამარცხდა იაპონელ რიუგა ტანაკასთან და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები