დღეს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში 12–14 აგვისტოს მეთხუთმეტედ ჩატარდება და მისი სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები იქნებიან.

ფესტივალის ჩატარების ადგილი უცვლელია – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი.

ვის მოუსმენთ შავი ზღვის მე-15 ჯაზფესტივალზე?

12 აგვისტო  – The Next Movement

J.J. Flueck – ვოკალი, დრამი, ბენდლიდერი

Sam_Siegenthaler- გიტარა, ვოკალი

P_Kaeser – ბასი, სინთეზატორი, ვოკალი

შვეიცარიული გრუვ-ტრიოს შესრულების სტილს შეიძლება ეწოდოს ნეო-ფანკი ან ნეო-სოული. ამ ბენდმა შეძლო კლასიკური ფანკისგან მომავლის მუსიკის შექმნა. ეს რიტმული ტრიო, რომელიც თითქმის ოცი წელია არსებობს, ძალზე გამოცდილი მუსიკოსებისგან შედგება, რომლებმაც ათასზე მეტ შოუში მიიღეს მონაწილეობა. მათი ბოლო ალბომი – „The Next Movement“ (Leopard Records) ოსტატურად იყენებს მაილს დევისის, ჯიმი ჰენდრიქსის თუ პრინცის მუსიკალურ გავლენებს და თანამედროვე და ბენდებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი საუნდისა და არასტანდარტული ორმაგი ფუნქციებით (მაგალითად, დრამერი იმავდროულად მომღერალიცაა) უმაღლესი კლასის ლაივ შოუს და საუკეთესო განწყობას გვთავაზობს.

13 აგვისტო – Al McKay’s EARTH, WIND & FIRE Experience

ლეგენდარული „Earth, Wind & Fire“-ს ასევე ლეგენდარული გიტარისტის, 6 გრემის მფლობელ ელ მაქკეის გარშემო შეკრებილი ბენდი ერთგვარი გარანტიაა, რომ 13 აგვისტოს ბათუმი იმ ფანტასტიკის სამყაროდ გადაიქცევა, რომელსაც ფანკის და R&B ღმერთების ჯგუფი ჯერ კიდევ 70-იან წლებში უმღეროდა.

ფესტივალის მაყურებლის წინაშე, გარდა მაქკეისა, ბენდის ორიგინალურ შემადგენლობაში ჩასაბერ ინსტრუმენტთა სექციაცაა წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ზრდის საკულტო ჯგუფის ორიგინალური მუსიკის ავთენტური მიდგომით შესრულების მოლოდინს.

14 აგვისტო – Candy Dulfer & Band

შავი ზღვის ჯაზფესტივალს წელს ცნობილი ჰოლანდიელი საქსოფონისტის, ქენდი დალფერის შესანიშნავი ჯგუფი დახურავს.

ქენდი დალფერი მუსიკის მოყვარულთა წინაშე განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს – ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში ქენდი სცენაზე ისეთ ვარსკვლავებთან ერთად იდგა, როგორებიცაა – არეტა ფრანკლინი, პრინცი, პინკ ფლოიდი.

სენსაციური გამოსვლები მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებთან ერთად, რამდენიმე ჰიტი მსოფლიო ჩარტების პირველ ადგილზე და დაუვიწყარი ლაივ შოუები იმის მიზეზია, რომ ქენდის ხშირად ფანკის დედოფალს უწოდებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქენდი ყოველთვის ფოკუსირებული იყო თავის სოლო კარიერაზე და ფანკის, ჯაზის და რაც მთავარია, ცოცხალი შესრულების ერთგული დარჩა.

კონცერტები 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები