მაასტრიხტში გამართულ ანდრე რიუს კონცერტებში 8 ქართველი მომღერალი მონაწილეობდა

ანდრე ლეონ მარი ნიკოლას რიუ ჰოლანდიელი მევიოლინე და დირიჟორია, რომელიც ცნობილია იოჰან შტრაუსის ორკესტრის შექმნით. რიუმ და მისმა ორკესტრმა კლასიკური მუსიკა და ვალსის მუსიკა მსოფლიო საკონცერტო ტურნედ აქციეს და ის ისეთივე წარმატებული და პოპულარული გახადეს, როგორც მსოფლიო პოპ და როკვარსკვლავების წარმოდგენები. წელს ანდრე რიუმ კონცერტები მაასტრიხტში გამართა, რომელშიც 8 ქართველი მომღერალი მონაწილეობდა. „ქართული კვირადაუკავშირდა დიუსელდორფის და დუისბურგის ოპერის მომღერალს, ტენორ მამუკა მანჯგალაძეს და გაესაუბრა.

– როგორც მოგეხსენებათ ანდრე რიუ მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს, მაგრამ პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით 10 წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე და შესაბამისად ძალიან გრანდიოზულია. ამ ყველაფრის ორგანიზატორია მისი მეუღლე, მისი შვილიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ყველაფერი იდეალურად ორგანიზებული იყო, საოცნებო კონცერტი იყო.

როგორ მოხვდით ამ საოცნებო კონცერტზე?

-ანდრეს საკონცერტო გუნდში  სულ 150 ადამიანია, ასევე ჰყავს 3 ტენორი, სამი სოპრანო და ქალთა და მამაკაცთა პატარ-პატარა ანსამბლები. ანდრე რიუს ანსამბლის წევრი და გერმანიის ქალაქ ახენის საოპერო დასის მომღერალი მაი ბელეფროიდი დაუკავშირდა გია და ლაშა  წივწივაძეებს და გია წივწივაძის რეკომენდაციით მე, გიორგი დავითაძე და ასლან დიასამიძე მოვხვდით ამ არაჩვეულებრივ პროგრამაში. ასევე მაი ბელეფროიდი დაუკავშირდა ჩვენს აგენტს ურსულა იოხმუსს და მათი შეთანხმებით მოხვდნენ ამ პროექტ – პროგრამაში დანარჩენი ქართველი მომღერლები. აქვე გეტყვით, რომ გიორგი და ლაშა წივწივაძეები ორივე ტენორია და კიოლნის ოპერაში მღერიან. ასლან დიასამიძე – ბარიტონია, მღერის ფრანკფურტის ოპერაში. ხვიჩა ხოზრევანიძე – ტენორი გახლავთ, მღერის დარმშტატდის ოპერაში. ირაკლი სილაგაძე ასევე ტენორია, მღერის კრეფელდის და მიუხენგლადბახის ოპერაში, ბონდო გოგია – ბარიტონი, ისიც კრეფელდის და მიუხენგლადბახის ოპერაში მღერის  და გიორგი დავითაძე ტენორი, ვუპერტალის ოპერის მომღერალია. მე, როგორც იცით, დიუსელდორფის და დუისბურგის ოპერის მომღერალი ვარ. აი, ასე შევიკრიბეთ 8 ქართველი ამ გუნდში და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მოვხვდებით ამ კონცერტებზე.

სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი განწყობაა კონცერტების დროს, ამ პროექტისთვის ცოცხლობს ქალაქი მთელი თვე. 12000 -იანი პუბლიკა… ძალიან მრავალმხრივი,  სტილისტურად განსხვავებული მუსიკა ისმის, სანამ კონცერტები დაიწყება ორკესტრებია მობილიზებული, ირგვლივ ცხენებით დადიან, ყველაფერი ყვავილებითაა მორთული და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხია, საოცარი სიმშვიდე სუფევს. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მის კონცერტზე დასასწრებად.

კონცერტები მაასტრიხტის ცენტრში ტარდებოდა, ეს დაახლოებით ისეა, როგორც ძველი თბილისი. ამ ადგილს ჰქვია ვრიჟტჰოფი. წინასწარ გადაიკეტა მთავარი მოედანი… როდესაც კონცერტები დავასრულეთ კარგი წვეულებაც გაიმართა, სადაც საუკეთესო ბენდი იყო მოწვეული.

როგორც გითხარით საოცნებო კონცერტი იყო. პირადად მე არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა აირჩიე – ან ლა სკალაში მოგცემთ სოლო როლს, ან ამ კონცერტში მიიღე მონაწილეობაო,  ამ პროექტს ავირჩევდი. ზოგადად ჰოლანდიელები ძალიან ხალასი ხალხია, მაგრამ ანდრე რაღაც საოცარი პიროვნებაა. საოცრად თბილი, ყურადღებიანი, არავინ გამორჩება. ანდრესთან თუ ვინმეს შეხება ჰქონია, იმდენად საოცარი ადამიანია, რომ შეიძლება მას უწოდო კაცი ბედნიერება. ღმერთმა ინებოს, რომ კიდევ მოვხვდე მასთან ასეთ პროექტში. გენიოსია ეს ადამიანი და მინდა დიდხანს იცოცხლოს. მასთან გატარებული დრო მთელი ცხოვრება გამყვება.

სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ ანდრე რიუსთან თანამშრომლობას?

– წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამ შემადგენლობით საშობაო კონცერტებში მივიღოთ მონაწილეობა, ჯერ არაა გადაწყვეტილი. ასევე, მას ბევრი სმენია ქართველების შესახებ, უშუალოდ გაგვიცნო კიდეც და ინტერესია, რომ ქართული სიმღერები და  საგალობლები მოისმინოს და ყველას დიდი იმედი გვაქვს,  რომ ჩვენც ჩაგვრთავს ქართული ფოლკლორით ამ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები