არჩილ მამულაშვილმა და ნინო გულბანმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ევროპის XVI ახალგაზრდულო ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, წარმატებულ სვლას აგრძელებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები. არჩილ მამულაშვილმა (-90 კგ) ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედალი შემატა. ასეთივე შედეგს მიაღწია გოგონათა ნაკრების წევრმა ნინო გულბანმა (-70 კგ).

“მამულაშვილმა ასპარეზობა შვეიცარიელი მეტოქის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ მოუგო პორტუგალიელ და ჩეხ თანატოლებს, მაგრამ ნახევარფინალში ოქროს ქულით დამარცხდა სლოვენიელ მოწინააღმდეგესთან და რეპეშაჟის ფინალში გააგრძელა გამოსვლა. მამულაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ისრაელელი ნბარ გაბაისთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ასევე ხუთი შეხვედრა ჩაატარა ნინო გულბანმა. მოუგო სლოვაკ, ლატვიელ და იტალიელ მეტოქეებს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია ნახევარფინალში ავსტრიელ თანატოლთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლას შეუდგა. მესამე ადგილისთვის ფინალში გულბანმა რუმინელი ჰანა ბალოგი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები