აგრარული ბაზარი – „უნიკალური ქართული გემო”

30 და 31 ივნისს, დედაენის ბაღში, 16:00-დან 21:00 საათამდე, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ორდღიანი აგრარული ბაზარი, სახელწოდებით – „უნიკალური ქართული გემო” – გაიმართება. მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი.

ყველი, თაფლი, მურაბები, საწებლები, ფქვილი და ხორცპროდუქტები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების, რომლებიც ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. თბილისურ ბაზარზე მოსული დამთვალიერებელი აღმოაჩენს ნიშურ აგროპროდუქტებს, რომელთა უნიკალურ გემოვნურ თვისებებს მათი ადგილწარმოშობა – ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები განსაზღვრავს.

ღონისძიების მონაწილე ფერმერები FAO-ს, ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ბენეფიციარები არიან. პროექტების ფარგლებში ფერმერთა დახმარება ხორციელდება როგორც აგრო-განათლების, ისე საგრანტო თანადაფინანსების კუთხით.

ღონისძიებას დაესწრებიან FAO-ს, ევროკავშირის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აგრობაზრობა იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის”.

წყარო:  მედიაჰოლდინგი “კვირა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები