ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლაძეთა ოჯახური არქივი კიდევ უფრო შეივსო და ღირებული გახდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნიკო ნიკოლაძის შვილების, რუსუდანის, გიორგისა და თამარის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისა და ნათესავების კუთვნილი საარქივო დოკუმენტები შეიძინა. ამით ნიკოლაძეთა ოჯახური არქივი, რომელიც ათეული წლებია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, კიდევ უფრო შეივსო და ღირებული გახდა.

ახლადმოპოვებული არქივი მოიცავს: რუსუდან ნიკოლაძის მიერ შედგენილ დღიურებს; ნიკო ნიკოლაძისა და ოლგა გურამიშვილის წერილებს; გიორგი, რუსუდან და თამარ ნიკოლაძეების პირად მიმოწერას; ნიკო ნიკოლაძის დების – ეკატერინე (კატო) და ანა (ანიჩკა) ნიკოლაძეების წერილებს; ასევე ნიკო ნიკოლაძის დისშვილების, ცნობილი პოლიტიკოსის ირაკლი (კაკი) წერეთლისა და მისი დის, ელენე წერეთელი-დემოლონის წერილებს; საარქივო დოკუმენტებს შორისაა 150-ზე მეტი იშვიათი და უნიკალური ფოტო.

“ნიკო ნიკოლაძის არქივი, მისი ქალიშვილის, რუსუდან ნიკოლაძის გადაწყვეტილებით, 1940-იანი წლებიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მაშინდელი საჯარო ბიბლიოთეკა) ინახება. არქივი მოიცავს ნიკო ნიკოლაძის როგორც პირად, ისე სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველ ათასობით დოკუმენტს (ფოთის პორტის, რკინიგზის, ქვანახშირის, ნავთობის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სხვა არქივები), ასევე რამდენიმე ასეულ ფოტოს საოჯახო ალბომებიდან.

ამ არქივის აღწერა ბიბლიოთეკამ თავის დროზე ორ ტომად გამოსცა.

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში არქივთან ერთად ინახება რამდენიმე ათასი წიგნისგან შემდგარი ნიკო ნიკოლაძის პირადი ბიბლიოთეკაც.

2016 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეძლო ნიკოლაძეების არქივის შევსება გიორგი ნიკოლაძის პირადი საარქივო დოკუმენტებით: სპორტული საზოგადოება „შევარდენი“; ქართული მთასვლის ფუძემდებლებისა და საქართველოში ალპინისტთა პირველი ექსპედიციების ამსახველი ფოტოები და დოკუმენტები; სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი მიმოწერა და დოკუმენტები; გიორგი ნიკოლაძისა და მისი მეუღლის, ჟორჟეტა ღამბაშიძის საოჯახო დღიურ-ალბომები და სხვა.

ამ ახალი შენაძენით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნიკოლაძეთა ოჯახური არქივი კიდევ ერთხელ შეავსო და გაამდიდრა“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები