„აგრომაქს დეკორმა“ ლურჯი მოცვის ქართული ნერგების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა

პოლონურ-ქართულმა კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ სართიჭალაში არსებულ სანერგე მეურნეობაში ლურჯი მოცვის ქართული ნერგების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელმა, ვოიტეკ გრაბჩევსკიმ დამსწრე საზოგადოებას ლურჯი მოცვის ქართული ნერგების სანერგე მეურნეობის შესახებ დეტალურად გააცნო ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც დღეს ფერმერებისთვისა და სხვა ინვესტორებისთვის არის მნიშვნელოვანი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად დაეთვალიერებინათ და ეხილათ ლურჯი მოცვის ქართული ნერგები, რომლებიც, თანამედროვე ტექნოლოგების დახმარებით, უკვე საქართველოში იზრდება.

2018 წლიდან ჩვენმა კომპანიამ ახალი მიმართულებით აიღო კურსი და დეკორატიულ მცენარეებთან ერთად, სახელმწიფოს თანადგომითა და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავლის“ მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ქართული ნერგების წარმოება დაიწყო. დღეის მდგომარეობით, სერტიფიცირებულ სანერგე მეურნეობაში არსებული ლურჯი მოცვის ქართული ნერგები შეყვანილია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში.


გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ: მოცვი ქართული ფესვებით


ამ ღონისძიების მიზანია, აღნიშნული ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულ ყველა პირს ჰქონდეს საშუალება, თავად შეაფასოს „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობაში მოყვანილი ნერგები ხარისხით, გემოვნური თვისებებითა და სტანდარტის შესაბამისობით,“- განაცხადა „აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებელმა, ვოიტეკ გრაბჩევსკიმ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად  500,000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200 000 ერთეული სერტიფიცირებული ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული.

პრეზენტაციას ესწრებოდა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილიც. როგორც თამარაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის წყალობით, საქართველოში მოცვის მასობრივი იმპორტირების ფონზე, ადგილობრივი წარმოების დაწყება გახდა შესაძლებელი.

„ეს არის ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილი სანერგე მეურნეობა, რომელიც დაფინანსდა 350 000-ლარიანი გრანტით. დღეს, როდესაც ჩვენი ბაღები იმპორტირებული ნერგებით შენდება, უკვე შესაძლებელია, რომ ლურჯი მოცვის ნერგები ადგილზე იწარმოებოდეს,“ – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

„აგრომაქს დეკორის“ წარმოების მენეჯერის, ივანე კოპაძის თქმით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და ბიზნესის თანმშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მან მადლობა გადაუხადა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სწორი ინვესტიციის წყალობით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ყველაზე სწორი კოლაბორაცია. რომ არა ეს მხარდაჭერა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ განუზომლად დიდი მოცულობების შექმნას, რაც უკვე დავნერგეთ ჩვენს სანერგე მეურნეობაში. სახელმწიფოსთან გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ 50 ათასი ნერგი ვაწარმოოთ, მაგრამ იმ სწორი დახმარებისა და იმ განსაკუთრებული ტექნიკის საფუძველზე, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შევიძინეთ, ჩვენ შევძელით, წელს უკვე 200 ათას ნერგზე მეტი გვეწარმოებინა,“ – განმარტა ივანე კოპაძემ.

„აგრომაქს დეკორი“ პოლონურ-ქართული კომპანიაა, რომლის სანერგე მეურნეობაც თბილისთან ახლოს, სართიჭალაში მდებარეობს. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, ევროპული სტანდარტებისა და მეთოდების გამოყენებით, დეკორატიულ ბუჩქებს, ხეებსა და ყვავილებს აწარმოებს, როგორც ღია გრუნტზე, ისე – კონტეინერებში.კომპანიის საქმიანობა მრავალმხრივია და მოიცავს, როგორც ევროპიდან მცენარეების იმპორტსა და დისტრიბუციას, ასევე, ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით, ბაღების, მწვანე სახურავების, ტერასებისა და საზოგადოებრივი ადგილების გამწვანება-დაგეგმარებასა და დიზაინის მომსახურებას.

2018 წლიდან კომპანიამ, „დანერგე მომავლის“ მხარდაჭერით,  ლურჯი მოცვის  ქართული ნერგების წარმოება დაიწყო. 2-წლიანი სატესტო რეჟიმის ფარგლებში,  „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობა ლურჯი მოცვის ინდუსტრიაში, ევროპული სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით,  ავტომატიზირებული, თანამედროვე იტალიური აპარატურით შემოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში,  დააკმაყოფილა სახელმწიფოსგან  მოთხოვნილი ყველა პირობა და სანერგე მეურნეობის სერტიფიცირებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც, კომპანიას  როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე მუშაობის ფართო არეალი აქვს.

დღეის მდგომარეობით, სერტიფიცირებულ სანერგე მეურნეობაში არსებული ლურჯი მოცვის ქართული ნერგები შეყვანილია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები