ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

2022 წლის 5-15 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს – უცხოეთის 8 ქვეყნის თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან 17 სპექტაკლით.

ოზურგეთის თეატრი ფესტივალზე წარმოდგენილია ორი სპექტაკლით: ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცის კარი” და ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“.

„წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეულია არა მარტო მდიდარი პროგრამით, არამედ მასშტაბით, რაც შესაძლებელს გახდის ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში ფესტივალის მანძილზე საზოგადოებამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი იხილოს.

ფესტივალზე იმუშავებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული არიან პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებით და თეატრის ექსპერტებით. საერთაშორისო ჟიუი 6 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს. მთავარი პრიზი – ნოდარ დუმბაძის პრემია შეადგენს 10 000 ლარს. კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილეობს  ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი(უკრაინა), ასევე დასები პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან. ფესტივალის სტუმრები არიან თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ETA დამფუძნებლები და ბორდის წევრები.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ასოციაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული ხერსონის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა.

ფესტივალი, ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს ეწვევა ჩოხატაურს, სადაც გაიმართება ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ხაზარულა“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია)“, – ნათქვამია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები