„ლექსად მოსული ქართული მიწა“!

უზომოდ მიყვარს – პიროვნული სიძლიერითა და სიმაღლით, თვითნაბადი ქართული პოეზიით,  „ნატვრის ხის“ პოეზიით, ვისაც რითმები ფეხებზე ეკიდა…  ლაღი და დაუმორჩილებელი სულის მეოცნებე იყო, ქმნიდა, უყვარდა…  როგორც ლევან გოთუა  წერდა მასზე: ის იყო ლექსად მოსული ქართული მიწა!

……

იგი საქართველოს ეძებდა ყველგან – წარსულში, აწმყოში, ქართულ სიტყვაში, ცის ფერსა თუ ვაზის ყვავილში, „ზედაზნის ნისლის გამოხედვაში“, უბრალო ადამიანებში…

მისი მღელვარე ხმა ხან „დახანძრებული ივერიის“ სულს ანუგეშებდა, ხან საინგილოში გაზრდილ, ცრემლებით ამოყვანილ  პატარა კესანეს დასტრიალებდა, ყოველი წუთი  – თუნდ სიხარულის, თუნდ მწუხარების  პატარძეულის იებივით შანთივით ჰქონდა გულში ჩარჩენილი და ამ სუნთქვით აჟღერებდა თითოეულ სტრიქონს – ქვეყნის გულს ხან ჯავშნით სდარაჯობდა, ხან „სიტყვა გავხადე ვეფხვადაო“ – ამბობდა. სხვანაირად როგორ იქნებოდა კრწანისის ობოლი დილის შემხედვარე ან ილიას სურათის ხილვისას, ვისი ქართლის გაზაფხულიც ვერ ამწვანდა.

„თოფმოხვედრილ არწივს ჰგავდა“ მაშინ სამშობლო და ეს ტკივილი – პოეტის გულში გამოკვანძილი არადა არ ნელდებოდა. ან კი როგორ მინავლდებოდა, როცა ბავშვობიდან უკარგავდა მოსვენებას, 12 წლის ყმაწვილი უკვე ქართულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს  მიქაელ მოდრეკილზე, ამბროსი ნეკრესელზე, ათონის ივერთა და სამების მონასტრებზე… ბავშვობიდანვე ეხანჯლებოდა გული სიმწარით და ამ ჭრილობას, ვით საჩუქარს, ისე უძღვნიდა სამშობლოს.

შემდეგ იყო მტრის ტყვიით განგმირულ იოსებ ტფილელზე დამწუხრება, სულხან-საბა ორბელიანზე ფიქრი, იასაში უდროოდ დაღუპულ ბესიკზე ან განჯაში ციებ-ცხელებით გარდაცვლილ ნიკოლოზ ბარათაშვილზე გარინდება…

მოვიდა აკაკიც, ილიაც, როგორც დროშა – სისხლში ამოვლებული და ვაჟა – „ეს განთიადისებური წმინდა სახელი“.

კალმით ვერ აღიწერება პოეტის ღვაწლი ქართული ლიტერატურის ისტორიის კვლევაში, თუნდაც რად ღირს მის მიერ მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის, ანუ ახლანდელი ლიტერატურის მუზეუმის დაარსება. „თუ იოსებ გრიშაშვილი ჰქმნიდა საკუთარ ბიბლიოთეკას და მას აკომპლექტებდა თავისი სახსრებით შეძენილი უნიკალური წიგნებითა და ხელნაწერებით, გოგლა საფუძველს უყრიდა სახელმწიფო, სამეცნიერო და სამუზეუმო დაწესებულებას, რომელშიც თავს უყრიდა XIX –  XX საუკუნეების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს (ხელნაწერებს, ფოტოსურათებსა და მემორიალურ ნივთებს)“, – წერს ბატონი ივანე ლოლაშვილი, ვისაც გოგლას დავალებით ილიას და აკაკის, ასევე მრავალი საინტერესო საბუთი, ხელნაწერი აღმოუჩენია უცნობ ოჯახებში, ისე რომ თვით პატრონებმაც არ იცოდნენ.

ბატონი ივანე თავის წიგნში „ოცი წელი გიორგი ლეონიძესთან“ იხსენებს, აგრეთვე დიდი მწერლის ღვაწლს ილიას სახლ-მუზეუმის დაარსებაში  საგურამოში, რომელიც 1951 წლის 27 მაისს გაიხსნა.

მუზეუმის გახსნის დღეს გიორგი ლეონიძეს ასე შეუფასებია ილია: „ის დიდი ადამიანი იყო – პოეტი, ბელეტრისტი, არწივული თვალის კრიტიკოსი, ცეცხლოვანი პოლემისტი და პუბლიცისტი, ცნობილი ეკონომისტი, სოციოლოგი, ფინანსისტი, ქართველი ხალხის განათლების დიდი მონაწილე, გალომებული მებრძოლი აღვირახსნილი თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული, რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ“.

ილიას პიროვნება და მისი მებრძოლი ბუნება იდეალი იყო პოეტისათვის, ილიასავით მასაც უყვარდა კლდიდან მომსკდარი თერგი და სწყუროდა „მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში“… პიროვნულადაც ხომ ჰგავდა დიდ წინაპარს – არწივული შემართებით ეჭიდებოდა ყოველ საქმეს. არასოდეს მიდიოდა იოლი გზით, რადგან სიმართლისათვის თვალის გასწორება დიდ ვაჟკაცობად მიაჩნდა. მართლაც, ჩვენს საუკუნეში ძნელად მოიძებნება ისეთი პიროვნება, მასავით დიდი და ნელი ცხოვრება რომ გაევლოს, თანაც ღირსეულად.

„…მისი ლექსიდან ერთნაირი ბუნებრიობით გვესმის, როგორც ხეობებში მოვარდნილ  ზვავთა შემზარავი ექო და მყვირალობას მთიდან გადმომდგარ ხარირემთა ძახილი, ისე პატარა ნაკადულის წკრიალა ხმაც და გაზაფხულის უჩინარ ფესვთა ნაზი ჩურჩული“, – ეს გურამ ასათიანის შეფასებაა, ვისაც მოსვენებას უკარგავდა გოგლას „ლექსის ხანძარი“ და „გულის საკირეში ჩამწვარი სევდა“… გურამ ასათიანი იგონებს გოგლასთან ერთად უკანასკნელ გასეირნებას წყნეთის გზაზე.

„ადრიანი გაზაფხული იყო, ქალაქს რომ გავცდით, წვიმა წამოვიდა, უამრავი წვრილი წვეთი ცრიდა.

შუა გზაზე გააჩერა მანქანა, იმ გორაკის თავზე, მდინარე ვერეს ვიწრო ხეობას რომ გადასცქერის. მანქანიდან გადმოვიდა და ქუდი მოიხადა. ჩვენ, ახალგაზრდები, გადმოსვლას ვერ ვბედავდით სიცივის შიშით. ის კი ქუდმოხდილი, სახეაპყრობილი იდგა და ნეტარებით უშვერდა სახეს ჟუჟუნა წვიმას.

„აი, ასე ვიგრძენ სიცოცხლეო“.

იგი ისევ ჩვენთანაა სიცოცხლის ამ საოცარი გაელვებითა და რაინდული სულისთქმით, ისევ გვმოძღვრავს და გვიფრთხილდება შთამომავლობას ასი წლის გიორგი ლეონიძე!

თამარ შაიშმელაშვილი

2000 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები