15-წლამდელთა ტრიუმფი რუმინეთში

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, 3-5 ივნისს გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – იონ მურეშანისა და ვასილე ბულარჩას მემორიალი 15-წლამდელთა შორის, ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ბრწყინვალედ იჭიდავეს და ორივე გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში. შთამბეჭდავად გამოვიდა გოგონათა ნაკრებიც, რომელიც შეჯიბრებაზე მხოლოდ ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ორივემ მედალი მოიპოვა.

„თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან რვაში (!) ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ! ოქროს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი ცურიაშვილი (38 კგ), მათე ცინაძე (41 კგ), გიორგი მაისურაძე (44 კგ), დავით პაპუკიშვილი (48 კგ), დიმა გოგიტიძე (52 კგ), ანრი გოგუაძე (62 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილი (68 კგ) და ლუკა კვატაშიძე (75 კგ). სამი წონითი კატეგორია სულაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა და შედეგად, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ დაჩი ჩალაძე (52 კგ), ლუკა ტატიაშვილი (62 კგ) და ნიკოლოზ მაისურაძე 68 კგ). მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ნიკოლოზ ბუხრაშვილმა (44 კგ), საბა ტყემალაძემ (48 კგ), იაკობ ქობულაშვილმა (57 კგ), დავით გოგშელიძემ (75 კგ) და გიგია ლუკუნიძემ (85 კგ).

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხუთი წონის კონკურენცია დაგვირგვინდა საქართველოს ჰიმნით! ჩემპიონები გახდნენ: დავით გაბედავამ (44 კგ), ერეკლე თავბერიძემ (48 კგ), გიორგი როყუამ (57 კგ), ლუკა კოჩალიძემ (68 კგ) და გიორგი ალადაშვილმა (75 კგ). ნიკა დუმბაძე (38 კგ), სიმონ ბასილია (41 კგ), ლუკა ფიფია (52 კგ) და ლუკა მარტიაშვილი (75 კგ) ფინალამდე მოვიდნენ და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. გიორგი ბერიძე (48 კგ) და ვლადიმერ მინაძე (85 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ქალთა ჭიდაობაში, ანა გოდელაშვილმა (66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მირანდა კაპანაძემ (50 კგ) – ბრინჯაოსი“, – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15-წლამდელებს სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 16-19 ივლისს ელით – ევროპის ჩემპიონატს ზაგრები უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები