ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე შოთა თევზაძე იმსაჯებს

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 24 ივნისიდან 12 ივლისამდე გასამართ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე ქართველი რეფერი, შოთა თევზაძე იმსაჯებს. ის ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი მსაჯია, რომელიც ამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე, რომელსაც ვერონა და ტრევიზო უმასპინძლებს, ექვსი ერის ქვეყნების (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) გარდა სამხრეთ აფრიკა და საქართველო იქნება წარმოდგენილი.

28 წლის მსაჯისთვის ეს მორიგი ნაბიჯია იმ გზაზე, რამაც ელიტარულ მსაჯობამდე უნდა მიიყვანოს.

„კორონავირუსის გამო 20-წლამდელთა ჩემპიონატი მესამე წელია ვერ ტარდება და ალტერნატივის სახით რეგიონული 20-წლამდელთა ტურნირი გაიმართება. მას ექვსი ერი ატარებს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით და სხვა ხუთ რეფერისთან ერთად, მსოფლიო რაგბმა მეც მიმიწვია. 20-წლამდელთა ექვს ერზე წელს ორი თამაში ვიმსაჯე, ჩემი მუშაობით ყველა კმაყოფილი დარჩა და ამ ტურნირზე მიწვევა ამის გამოძახილია. 20-წლამდელთა მაღალი დონის ტურნირები განვითარების ბოლო ნაბიჯია, რომელმაც დიდი რაგბისკენ უნდა გამიხსნას გზა და თავს არ ვზოგავ, რათა ჩვენი ქვეყანა ვასახელო“ – ამბობს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები