წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 17-19 ივნისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 17-18 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხასა და ჯვარში გაიმართება. 17 ივნისს ფესტივალს წალენჯიხა გრანელის პარკში უმასპინძლებს, 18 ივნისს კი ღონისძიება ჯვარში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაგრძელდება.

ფესტივალი, წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ადგილობრივებს მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას შესთავაზებს – გაიმართება დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.

19 ივნისს წალენჯიხაში გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია.

ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება 19 ივნისს, ფახულანში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კინოჩვენებები და მუსიკალური ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები