აკადემიკოს ზაზა ალექსიძეს საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი მიენიჭა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობილ ქართველ მეცნიერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს, აკადემიკოს ზაზა ალექსიძეს კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი მიენიჭა.

ზაზა ალექსიძის ისტორიული, ფილოლოგიური, წყაროთმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური და ეპიგრაფიკული გამოკვლევები კარგად არის ცნობილი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც, მასთან თანამშრომლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, უნგრეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეები.

ზაზა ალექსიძე არის წმინდა ეკატერინეს მონასტრის საერთაშორისო მზრუნველთა საბჭოს წევრი, აზია-წყნარი ოკეანიის აღმოსავლური ქრისტიანობის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, მისი ძალისხმევით ბრეპოლსის გამომცემლობასთან, Monumenta Paleographuca Medii Aevi ფარგლებში დაარსდა Iberico-Caucasica სერია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის საერთაშორისო პოპულარიზაციისათვის.

ზაზა ალექსიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი არის ოცდაორი მონოგრაფიისა და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები