თბილისის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა, 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

თბილისის გრანდ სლემის მესამე და დასკვნით დღეს გათამაშებული მედლების სამი კომპლექტიდან საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა, პლუს ერთი მედალი ქალთა ნაკრების ანგარიშზეა.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მიიღო ბექა ღვინიაშვილმა. მომავალმა ჩემპიონმა პირველი წრე გამოტოვა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი დაამარცხა ყაზახი და უკრაინელი მოწინააღმდეგეები, ასევე – თანაგუნდელი გიორგი პაპუნაშვილი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უნგრელ კრისტიან ტოტს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქმე ქართულ ფინალამდე მივიდა. ონისე სანებლიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ბერიაშვილს წმინდად აჯობა,  მანამდე კი ყაზახი, გერმანელი და უზბეკი ძიუდოისტები დაამარცხა.

ვერცხლის მედლის მფლობელმა ბერიაშვილმა ფინალამდე გზიდან ჩამოიშორა გერმანელი და ყაზახი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ილია სულამანიძესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელიც იპონით დაამარცხა.

ორი მედალია მძიმე წონოსანთა ანგარიშზეც. გელა ზაალიშვილმა პირველ წრეში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი დაამარცხა, მეორეში – თანაგუნდელი ლევან მატიაშვილი, ნახევარფინალში – უზბეკი მოწინააღმდეგე, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ასევე უზბეკ ალიშერ იუსუპოვს იპონით მოუგო.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა თბილისის გრან სლემი ლევან მატიაშვილმა, რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თანაგუნდელ ონისე ბუღაძეს აჯობა.

მედალი მოიპოვა ქალთა ნაკრებმაც. სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ ჯულია ტოლოფუ  წმინდად დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში  5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5  ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები