საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემის მეორე დღეს სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის მეორე დღესაც კარგი  შედეგი აჩვენა. ორ – 73 და -81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა სამივე ხარისხის თითო მედალი მოიპოვა. მათ შორის ყველაზე წარმატებული -73 კილოგრამ წონითი კატეგორია აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან ჩაერთო. თავდაპირველად კორეელ მეტოქეს მოუგო, მერე იპონით დაამარცხა ბრაზილიელი მოწინააღმდეგე, მეოთხედფინალში ტაჯიკ ძიუდოისტს აჯობა, ნახევარფინალში კი ოქროს ქულამდე გაგრძელებულ ორთაბრძოლაში თანაგუნდელ გიორგი ტერაშვილთან  გაფრთხილებების ხარჯზე გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იაპონელ კენ ოიოშის ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში იპონით გაუმკლავდა.

ბრინჯაოს შანსი წარმატებით გამოიყენა გიორგი ტერაშვილმა – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ მანუელ ლომბარდოს წმინდად მოუგო.

კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ევროპის ორგზის ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ). მან ფინალამდე ტაჯიკ, პუერტორიკოელ, იტალიელ  და აზერბაიჯანელ მეტოქეებს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი კორეელ იუნვან ლისთან იპონით დამარცხდა და თბილისური გრანდ სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები